ქართული ხალხური საკრავები — ცნობილია უძველესი დროიდან, როგორც წესი, სიმღერის ან ცეკვის თანხლების ფუნქციით. უძველესი არქეოლოგიური ცნობა ქართული საკრავის შესახებ, მიეკუთვნება ძვ.წ.-ით XV ს.[1]. ძველ ქართულ ლიტერატურულ წყაროებში საკრავთა 100-ზე მეტი დასახელებაა შემონახული.
საქართველოში ხალხური საკრავების სამი ჯგუფია ცნობილი:
- ჩასაბერი საკრავები - სალამური (უენო და ენიანი), გუდასტვირი (აჭარაში — ჭიბონი), სოინარი (ლარჭემი);
- სიმებიანი: ჩამოსაკრავი - ფანდური, ჩონგური, ჩანგი; ხემიანი — ჭუნირი, ჭიანური;
- დასარტყამი: დოლი, დიპლიპიტო, დაირა.
საქართველოში ასევე გავრცელებული იყო სხვა ხალხთა საკრავები: ქამანჩა, საზი, თარი, ზურნა, დუდუკი და სხვ.
სალამური ჩასაბერი საკრავია. გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს მთასა და ბარში. სალამური ორგვარია: უენო და ენიანი. უენო - ენიანის წინაპარია. მათ ერთმანეთისაგან განასხვავებს ენა - სალამურის მილში ჩასმული ლერწმის მოკლე საცობი - და თვლების რაოდენობა. სალამურზე ძირითადად მამაკაცები უკრავენ, რადგან ეს საკრავი უმეტესად მწყემსის ყოფასთანაა დაკავშირებული. მასზე სრულდება მწყემსური მელოდიები და საცეკვაოები. უენო სალამურის ბგერათრიგია: e1, fis1, g1, a1, h1, c2, d2. ენიანი სალამურის ბგერათრიგია: h, c1, d1, e1, f1, g1, a1, h1, c2, d2, es2, f2, g2, a2, h2, c3.
ლარჭემი//სოინარი მრავალღერიანი ჩასაბერი საკრავია. სამეგრელოში ლარჭემი ჰქვია, გურიაში - სოინარი. ლარჭემ-სოინარი ექვსღერიანია, ღერები სხვადასხვა სიგრძისაა და ერთმანეთთან ხის ქერქით ან კანაფითაა შეერთებული. ყველაზე გრძელი ორი ღერი შუაშია განთავსებული, აქეთ-იქიდან - ორ-ორი, მოკლე. ამგვარი აგებულების, ფორმისა და წყობის მრავალღერიანი სალამური - "პანის ფლეიტა" - მსოფლიოში თითქმის არ გვხვდება: ანალოგიური საკრავების მილები თანმიმდევრობით კლებადი სიგრძის მიხედვითაა განლაგებული და, შესაბამისად, ბგერათრიგიც თანმიმდევრულია - მელოდიურ-ჰომოფონიური. ქართული ლარჭემ-სოინარის მთავარი თავისებურება კი ისაა, რომ მისი აგებულება და წყობა მრავალხმიანობის პრინციპზეა დამყარებული. საკრავის თითოეულ მილს (ღერს) თავისი სახელი აქვს და სხვადასხვა სიმაღლის ბგერას გამოსცემს. ლარჭემ-სოინარის დიაპაზონია სექსტა, ბგერათრიგი კი სმენით კორექციას ემყარება. მრავალღერიან სალამურზე უკრავენ მხოლოდ მამაკაცები. მასზე სრულდება მწყემსური მელოდიები და საცეკვაოები. |
გუდასტვირი ჩასაბერ საკრავთა შორის ყველაზე განვითარებული და რთულია. შედგება გუდისა და ორლულიანი სტვირისაგან, რომლებზეც სხვადასხვა რაოდენობის ხვრელებია ამოჭრილი: ერთი მელოდიას უკრავს, მეორე კი ბანს აძლევს. ბანის მილი 2-3 ბგერას გამოსცემს. გუდასტვირი საქართველოს კუთხეებში სხვადასხვა სახელწოდებით იყო გავრცელებული: ფშავში - სტვირი, მესხეთში - თულუმი, აჭარაში - ჭიბონი, რაჭაში - გუდასტვირი ან საზანდარი... დღეს გუდასტვირი მხოლოდ მესხეთში, რაჭასა და აჭარაშია შემორჩენილი. აგებულებით იდენტური საკრავები - ჭიბონი, გუდასტვირი და თულუმი - ძირითადად ბგერათრიგით, დიაპაზონითა და ტემბრით განსხვავდება. თულუმიც გუდასტვირივით ორ მილიანია, მაგრამ მის ორივე მილზე თვლების ერთნაირი განლაგება და რაოდენობა უნისონურ ჟღერადობას ქმნის. გუდასტვირი სააკომპანემენტო საკრავია, მასზე მხოლოდ მამაკაცები უკრავენ. ამ საკრავზე სრულდება ერთხმიანი სიმღერები, ძირითადად - ეპიკური ან საშაირო ტექსტებით. გუდასტვირის ბგერათრიგია - a, h, cis1, de1, e1, fis1, g1. თულუმიც, გუდასტვირივით, ორმილიანია, მაგრამ ორივე მილზე თვლების ერთნაირი განლაგება და რაოდენობა რეალურ უნისონურ ჟღერადობას ქმნის. |